ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გამოეხმაურა ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვას ეხება. მისი თქმით, აშშ ეთანხმება საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარისკენ მიმართულ იმ მოწოდებებს, რომელიც ერთიანობასა და ამბიციური დემოკრატიული, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას ეხება.
"ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროპარლამენტის ნაწილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში. დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმებით საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარისკენ მიმართულ იმ მოწოდებებს, რომელიც ერთიანობასა და ამბიციური დემოკრატიული, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას ეხება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მიღწევები აქვს მის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული ექსპერტული ორგანოების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით. შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტების წარდგენის შემდგომ, საქართველო ვენეციის კომისიისგან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებისგან შეფასებებს იღებს იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ევროპულ სტანდარტებს. საქართველოს შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი ევროპული მომავლის გზაზე, არის კანდიდატის სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შემუშავებული კანონმდებლობა, ასევე წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა მან მისი შესაბამისობა შეაფასოს. აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც დაცულ, სტაბილურ, წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას გულისხმობს. აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია, გაერთიანდებიან და უზრუნველყოფენ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამუშაო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება ჩატარებული. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ქართველი ლიდერები ქართველი ხალხისთვის ამას შეძლებენ."- განაცხადა ელჩმა.
ევროპარლამენტარებმა ცვლილებების ე.წ კომპრომისულ ვარიანტს დაუჭირეს მხარი, რომელიც მოიცავს ჩანაწერებს მედიამფლობელებზე, დეოლიგარქიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე.
დოკუმენტში ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაშია.
ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელები საქართველოში ხშირად პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდებიან და ნახსენებია, როგორც ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი, ასევე ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი, ავთანდილ წერეთელი და ვატო წერეთელი.
ევროპარლამენტართა მხარდაჭერილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "უნდა გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე" და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს".